ახალციხის სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

853

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომელშიც 13 ადგილობრივი დასაქმდა, 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. საბავშვო ბაღი აქ ბოლო 30 წელი არ ფუნქციონირებდა. შენობის სრულ რეაბილიტაციას 165 476 ლარი მოხმარდა. იგი სამ სოფელს: ფერსას, გიორგიწმინდასა და მუგარეთს მოემსახურება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გახსნეს.

2014 წლიდან დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტში 7 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ესენია: ვალის ე.წ. მეორე შახტის, სოფლების: წნისის, მინაძის, ურავლის, საძელის, წყალთბილისა და ფერსის საბავშვო ბაღები. ჯამში ახალციხის მუნიციპალიტეტში 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც საჭირო უნარ-ჩვევებს 684 აღსაზრდელი ეუფლება.