“თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლოდ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო

810

წინა სტატია

“თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

დღემდე, “თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა.

ამ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს, ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული. რუსთაველის, თამარაშვილი-ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, ბარათაშვილის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე დამონტაჟდება: ანგელოზი 3D დეკორეაცია, მოეწყობა ბადისებრი ტიპის განათება ე.წ. ცა, ეტლი გოგრის ფორმის, იქნება ასევე, ლოლოების ფარდა დეკორაცია, მზისა და გულის ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები.

რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე არსებულ წმინდა გიორგის მონუმენტს, ის წელსაც განათებებით მოირთვება, რომელსაც ანგელოზი 2D დეკორაცია – 145 ცალი და ფლეშ სტრინგები დაემატება. დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ახალი საახალწლო დეკორაციები 600 ათასი ევრო დაჯდა. სად დადგამენ ნაძვის ხეს და როგორი იქნება საახალწლო ღონისძიებების განრიგი, დედაქალაქის მერის განმარტებით, ამის შესახებ  მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ. მისი განხადებით, საახალწლოდ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.