ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება

802

ასპინძის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო სკოლიდან ზამთარში, ორი ბუნებრივი აირით, ორი ელექტროგამათბობლებით, სამი შეშის ცენტრალური გათბობით და დანარჩენი შეშის ღუმელით თბება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბუნებრივი აირით მხოლოდ დამალისა და ხიზაბავრის სკოლები თბება. ელექტროგამათბობლებს კი მირაშხანისა და ნიჯგორის სკოლები იყენებენ.

“ეს სკოლები 2012 წელს აშენდა და სისტემა შეყვანილი არ არის, ამიტომ ელექტრო ბატარიები დგას“, – ამბობს ასპინძის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი.

შეშის ცენტრალური გათბობაა ასპინძის პირველ, ოშორისა და ნაქალაქევის სკოლებში.

მურადაშვილის თქმით, მომავალ 2019 წელს, დაბა ასპინძის და საროს სკოლები ბუნებრივი აირით გათბება: “ორივე სკოლაში მომავალი ზამთრისთვის გაზის ცენტრალური გათბობა გვექნება დამონტაჟებული. რაც შეეხება 11 სოფელს, სადაც სკოლები შეშის ღუმელებით თბება, იქ ჯერ გაზი არაა შეყვანილი და ბუნებრივია მათი გათბობის სისტემას ჯერ ვერ შევცვლით“.

ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლები საშეშე მერქნით უკვე მომარაგებულია.

“სატყეომ გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლებში შეშა შეიტანა. 40–40 კუბური მეტრი თითოს სკოლას სრულად ყოფნის ზამთრის განმავლობაში“, – ამბობს მურადაშვილი.

ასპინძაში, ამ დროისათვის მხოლოდ სამი სოფელი დამალა, სარო და ხიზაბავრაა გაზიფიცირებული.