რა პრობლემებს უნდა გასცეს პასუხი მცხეთის ახალმა გენგეგმამ?

673

წინა სტატია

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაქმნელად მესამე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. 2016 წელს აღნიშნულ დოკუმენტზე ტენდერს ჯერ მცხეთის მერია, შემდეგ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია იუნესკო-ს რეკომენდაციების დაცვით უნდა მომზადდეს. იმ ტექნიკურ დავალებაში, რომელიც სატენდერო მოთხოვნების ჩამონათვალს ახლავს, მოცემულია ის გამოწვევები, რაც ამჟამად მცხეთაშია, როგორც ურბანული, ისე სხვა გარემო პირობების თვალსაზრისით.

კერძოდ, ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ისტორიულ ლანდშაფტში, მათ შორის, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენება შეუსაბამო იქნება მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან. გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ მიწის გასხვისებასა და მშენებლობაზე მორატორიუმის ამოქმედებამდე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელდა.

გენგეგმის დამკვეთი უწყება ტექნიკურ დავალებაში ასევე მიანიშნებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიებზე აშენებული ახალი ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან შეუსაბამოა.

ზემოთ აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს: მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მცხეთის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმები, მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და მცხეთის ქალაქთმშენებლობითი კადასტრი.

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა წარუდგინოს, რისთვისაც საპროექტო ორგანიზაცია 1 800 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მცხეთის გენგეგმის დაწერის მსურველებს წინადადებების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 16-დან 21 დეკემბრამდე აქვთ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული მუნიციპალური განვითარების  ფონდის ვებგვერდზე.

ამასთან, ცნობილია, რომ მცხეთაში გამოცხადებულ მორატორიუმზე გარკვეული შეზღუდვები, შესაძლოა, მოიხსნას.