ბახტაძე: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა (ვიდეო)

657

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

“მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა.

საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა ნიშნავს თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აგებას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, ამავე დროს, ქმნის პირობებს, რათა სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა ნებას ემყარებოდეს როგორც საერთო ეროვნული, ისე რეგიონალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა.

ჩვენი მთავრობის ამოცანა და მიზანია საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის თავისუფალი განვითარება, სრულფასოვანი საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება. ეს კი შეუძლებელია მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, რადგან სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალიზებულად მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ვერ პასუხობენ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველობის სისტემა ადეკვატურად პასუხობდეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს და უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია მმართველობითი უფლებამოსილებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებს შორის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მმართველობის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა უნდა განხორციელდეს მთავრობის აქტიური ჩართულობით, პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, თვითმმართველობებთან კონსულტაციითა და ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.

თბილისში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.

ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), World Vision და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.