ზუგდიდის მერია უფასო სასადილოს 6 თვის საკვებისთვის 73 765 ლარს დახარჯავს

821

იმ ადამიანების კვებით უზრუნველყოფაზე, რომლებიც ზუგდიდში უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობენ, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 765 ლარია და მოიცავს პერიოდს მომავალი წლის სამი იანვრიდან 30 იანვრამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განმარტებით, თუ ადრე მთელი წლის მომსახურებაზე აცხადებდნენ ტენდერს, შესყიდვების სააგენტოს ახალი რეგულაციის თანახმად, ტენდერი პირველ ექვს თვეზე გამოაცხადეს. მისი ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის პროექტით, შარშანდელი, 130 ათასი ლარი წელს 30 ათასი ლარით იზრდება.

“ერთ ბენეფიციარზე გაზრდილია თანხა. ვარირებს დღის მენიუს მიხედვით. მაგრამ, ყველა შემთხვევაში 1 ლარსა და 10 თეთრზე და 1 ლარსა და 20 თეთრზე მეტია. ეს პირდაპირი დანახარჯია. ასევე, ჩვენ ვაძლევთ კომპენსაციას ტრანსპორტისთვის 25 ლარს, თუ შორს ცხოვრობს. რაღაცები შეცვლილი გვაქვს მენიუში, ბენეფიციართა მოთხოვნის საფუძველზე. ყოველ წელს ვცდილობდით, რომ მენიუ მრავალფეროვანი ყოფილიყო. მაგალითად, წელს რძის ნაწარმის მოთხოვნა იყო და ყველი დავამატეთ. ასევე ფუნთუშა, რადგან ტკბილი არ იყო არაფერი“, – ამბობს ნინო სხულუხია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ახალი ბიუჯეტი არ მიუღიათ, წინასწარ გაწერილ თანხას არაფერი მოაკლდება. მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბენეფიციართა რაოდენობა არ იზრდება, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამაა. თუმცა მისივე განმარტებით, ხდება შიდა მობილობა. მაგალითად, წელს 12-მა ადამიანმა დატოვა პროგრამა.

“ზოგი საცხოვრებელს იცვლის, ზოგი, თუ მათი ქულების რაოდენობა გაუმჯობესდა, გადის პროგრამიდან. ისინი მომლოდინეთა სიიდან ჩანაცვლდა. თუ გვექნა დამატებით რესურსი გავზრდით ბენეფიციართა რაოდენობას“, – აღნიშნა მან.

მენიუს თანახმად, კვების რაციონში შედის ხორცი მინიმუმ სამჯერ. ასევე რაციონი მოიცავს ლობიოს, კვერცხს, ბორშჩს, თევზს, ფაფებს, კატლეტსა და ბარდის წვნიანს.

შარშან, უფასო სასადილოს 250 ბენეფიციართა კვებისთვის 130 ათასი ლარი დაიხარჯა.