ახალციხის მე-2 ბაგა–ბაღი, სადაც 150 აღსაზრდელი ავარიულ შენობაში სწავლობს

1014

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მე-2 ავარიული ბაგა–ბაღისთვის 2019 წელს 500 000 ლარია განსაზღვრული. ამ თანხით არსებული შენობა გარემონტდება თუ ახალს ააშენებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მე-2 ბაგა–ბაღის შენობა 1972 წელს აშენდა. კედლები დაბზარულია და სპეციალური რკინებით არის გამაგრებული. ამ წლების განმავლობაში ბაღში რამდენჯერმე მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა. როგორც დაწესებულების მენეჯერი ნათელა გელაძე ამბობს, შენობა, დაახლოებით, ორი–სამი წლის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის მიხედვით ბაღი ავარიულია, თუმცა, რეაბილიტაციას ექვემდებარება.

“კედლები სპეციალური რკინებით შევკარით და ბზარები აღარ მომატებია. გვიხარია, რომ მომავალ წელს ჩვენს ბაღს გაარემონტებენ, ამის შემდეგ სამი ჯგუფის დამატებას კიდევ შევძლებთ, დამატებით, დაახლოებით, 80 ბავშვს მივიღებთ“, – ამბობს ნათელა გელაძე.

ახალციხის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ამბობს, რომ მეორე ბაგა–ბაღისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 500 000 ლარია გათვალისწინებული: “დასკვნა, რომ შენობა დასანგრევია, არ არსებობს. ამ ბაღის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, თუმცა ზუსტად რა და როგორ იქნება ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. თანხა მუნიციპალური ბიუჯეტიდან გაიწერება“.

გარდა მეორე ბაღისა, სარეაბილიტაციოა ახალციხის მეოთხე ბაგა–ბაღიც, თუმცა ამ შენობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ კუთხით თანხა გათვალისწინებული არ არის.

იაძის N12-ში მდებარე ბაღის ნაცვლად ახალი, ენერგოეფექტური შენობის ასაშენებლად 4 500 000 ლარი იყო საჭირო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი ახალციხის მერიას დაფინანსებაზე 2016 წელს უარი უთხრეს.

“მეოთხე ბაღზე ჯერ სიახლე არ არის, ძვირადღირებულია და თანხის მოძიების პროცესში ვართ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დონორებთან, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა–ნაგებობების რეაბილიტაციისა და ინვენტარის შესაძენად 600 000 ლარია გათვალისწინებული.