ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი, აუთვისებლობის გამო, 269 მილიონით მცირდება

1070

წინა სტატია

მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 269 მილიონი ლარით მცირდება და 1 546.0 მილიონი ლარით განისაზღვრება. ამის მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა გახდა.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტში წერია, რომ “2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინამოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად, ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც”.

კანონპროექტის თანახმად, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მილიონი ლარით და 915.8 მილიონი ლარით განისაზღვრება (დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ მომდევნო წლებზე გადანაწილების გათვალისწინებით);

ასევე, 74.3 მილიონი ლარით მცირდება გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლებიც. მათ შორის,
საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მილიონი ლარით, ვინაიდან, შესაძლებელია, ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მიღება, ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა, ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა კი 24,3 მლნ ლარის ოდენობით მცირდება.

კანონპროექტიდან, ასევე, ვიგებთ, რომ 40 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები და 300 მილიონი ლარით განისაზღვრება. “ეს თანხა მიიმართება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის და აღნიშნულ თანხაში არ
არის გათვალისწინებული ახალი პროექტების დაფინანსება”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, 170.0 მლნ ლარით იზრდება მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა. ეს თანხა სრულად თბილისის მუნიციპალიტეტისათვისაა გათვალისწინებული. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 170 მილიონიდან ნაწილი – 120,0 მილიონი ლარი ავტობუსების შეძენისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დაიხარჯება, ხოლო 50,0 მილიონი ლარი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებაში პრობლემები აქვს, რის გამოც მიმდინარე წლის ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით მცირდება, მომავალ წელს მას ბიუჯეტი 139.8 მილიონი ლარით მაინც გაეზრდება და 1 მილიარდ 965 მილიონი ლარი ექნება.