ხმაურის კონტროლის შესახებ კანონში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

წინა სტატია

“როდესაც გაიზრდება საკონცერტო ღონისძიებების რაოდენობა, შესაბამისად, ტურიზმი, გადასახედი იქნება ის კანონი, რომელიც ხმაურის წინააღმდეგ არსებობს“, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ “ანალიტიკაში“ განაცხადა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

სერგი გვარჯალაძე ხმაურთან დაკავშირებით კანონის შემოღებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კლუბების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გარკვეული ცვლილებების გათვალისწინება მაინც საჭირო იქნება. მისი თქმით, მეტი ხმაური უნდა იყოს იქ, სადაც ხმაური შესაძლებელია.

“ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოვადუნოთ ცოტა ქალაქის ცენტრი და მაქსიმალურად შევეცადოთ ქალაქის იმ ნაწილებში გადავიდეთ, სადაც ეს შესაძლებელია და ხმაურიც მისაღებია“, – ამბობს ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.

თუმცა იმასაც ამბობს, რომ იმ გამოცდილების გათვალისწინებაც შეიძლება, რაც მაგალითად ბერლინშია მიღებული – კლუბების თუ საკონცერტო დაწესებულებების ხელშეწყობა ხმაურსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესაძენად.

“ჩვენ სულ კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. ბიზნესი როცა შედის გარკვეულ უბანში, მან უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. სათვისტომოს სახე უნდა მიეცეს ამ ყველაფერს და ამის ინიცირება და ამ კულტურის დანერგვა გვინდა ჩვენ“, – ამბობს გვარჯალაძე.

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.

მსგავსი სიახლეები