წიგნები კონფლიქტისპირა სოფლის ბიბლიოთეკისთვის – თსუ-ს სტუდენტები საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა კარგი საქმე წამოიწყეს – შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ავლევის სკოლაში ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტეს.

შიდა ქართლის ეს პატარა სოფელი მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველასგან გამორჩეული, ევროპული ტიპის სოფელი იყო და ამაში უდიდესი წვლილი კოსტა ამირაჯიბს მიუძღოდა. ევროპაში განათლებამიღებულმა და სამშობლოში დაბრუნებულმა ამირაჯიბმა მთელი ცხოვრება ავლევის განვითარებას მიუძღვნა: ჯერ ავლევის სამეურნეო ამხანაგობა და საცდელი მეურნეობა დააარსა, თუმცა, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, თანასოფლელების ნდობა დაემსახურებინა, რადგანაც ინტელიგენციის წარმომადგენელი იყო და გლეხობა არ ენდობოდა.

კოსტა ამირაჯიბის მიერ გახსნილი სკოლა

შემდეგი ნაბიჯი ავლევის სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნა იყო, რომელშიც 200-მდე ბავშვი სწავლობდა, საგნები კი ქართულად ისწავლებოდა. ეს სკოლა იმითაც გამოირჩეოდა, რომ მოსწავლეები სქესის მიხედვით არ იყოფოდნენ – გოგონები ბიჭებთან ერთად სწავლობდნენ. მოსწავლეების მიერ დამზადებული ტექნიკა კი არაფრით ჩამოუვარდებოდა ქარხნულს და მალე მათმა გასაღებამ სკოლას სტაბილური, დამატებითი შემოსავალი გაუჩინა, რომელიც 3 000 მანეთამდე აღწევდა.

კოსტა ამირაჯიბის თაოსნობითვე, სკოლის ბაზაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლა დაიწყეს და მალევე ავლევის სასოფლო-სამეურნეო სკოლის ორკესტრმა კონცერტი თბილისის ფილარმონიული საზოგადოების დარბაზში გამართა.

კოსტა ამირაჯიბის მიერ დაარსებული ორკესტრი

ყოველივე ამან სოფლის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სკოლის ეზოში რეგულარულად ეწყობოდა კონცერტები, რომელსაც არა მხოლოდ ავლეველები, არამედ მეზობელი სოფლების გლეხებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით, სკოლის შენობაში თეატრალური სცენაც მოაწყვეს და მოსწავლეების სამსახიობო დასმა, კოსტას ქალიშვილის, ბარბარეს ხელმძღვანელობით, წარმოდგენების გამართვა დაიწყო. 1915 წლისათვის სოფელში მოქმედებდა სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო ამხანაგობა, კოოპერატივი, ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა სკოლას, სახელოსნოებს, სახერხ და ხორბლის სალეწ მანქანებს, სოფელსა და წისქვილს. სამეურნეო ამხანაგობას მოწყობილი ჰქონდა მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, საცდელი მინდვრები ნათესებისათვის, ხეხილის ბაღი, საფუტკრე, ქიმიური ლაბორატორია, ცხენსაშენი და ეტლების სადგური. ავლევის წარმატების ისტორია 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დასრულდა – გასაბჭოებულ საქართველოში ავლევისნაირი წარმატებული სოფლების ადგილი არ აღმოჩნდა.

რთი საუკუნეა, რაც კოსტა ამირაჯიბისდროინდელი ავლევი თითქმის ლეგენდადღაა შემორჩენილი, 2008 წლის ომგამოვლილი სოფლის მოსახლეობა კი, საოკუპაციო მავთულხლართებს და გაჭირვებას ერთდროულად ებრძვის. 

სხვა პრობლემებთან ერთად, სოფელში არ არის ბიბლიოთეკა, ჭირს წიგნები, სოფლის ახალგაზრდობას საკითხავ ლიტერატურაზე, სამუშაო და სასწავლო სივრცეზე ხელი არ მიუწვდება. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც თსუ-ს სტუდენტებმა ავლევში ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტეს.

სიმბოლურია, რომ სკოლის ნაწილი დღემდე კოსტას მიერ დაარსებული სკოლის შენობაშია განთავსებული. სწორედ აქ უნდა გაიხსნას წლის ბოლომდე ბიბლიოთეკა.

თუმცა, იმისათვის, რომ სტუდენტებმა საკუთარ წამოწყებას ხორცი შეასხან, საზოგადოების თანადგომა სჭირდებათ, რათა ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნები შეგროვდეს.

სტუდენტებმა წიგნების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს და მზად არიან, ყველგან ჩავიდნენ, სადაც კი ბიბლიოთეკისთვის წიგნები მოგროვდება. იქნება ეს მხატვრული, თუ სამეცნიერო ლიტერატურა, მნიშვნელობა არ აქვს – ბიბლიოთეკას ყველანაირი წიგნი ესაჭიროება.

სტუდენტები იმედოვნებენ, რომ საჭირო რაოდენობის წიგნებს 23 დეკემბრამდე მოაგროვებენ და ახალ წელს ავლეველი მოსწავლეები ახალი ბიბლიოთეკით შეხვდებიან. ისინი კი, ვისაც ბიბლიოთეკის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ, სოციალურ ქსელ facebook-ში ამ საქმის წამომწყებ სტუდენტებს (დავით ხუციშვილი, ანა გრიგალაშვილი, თამარ სამაშვილი, სანდრო ჯიბლაძე) უნდა შეეხმიანონ. საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.  

ვინ იცის, იქნებ ახალი ბიბლიოთეკის გახსნა ავლეველებისთვის ახალი, თუმცა, საუკუნის წინ უკვე გამოცდილ-გამოვლილი ცხოვრების დასაწყისად იქცეს.

სოფელ ავლევის ისტორია, სათემო განვითარების ცენტრის პროექტის – “ინიციატივა ცვლილებისათვის” ფარგლებში, მკვლვარმა ირაკლი ხვადაგიანმა გააცოცხლა.

მსგავსი სიახლეები