TI-ის კვლევა: შპს “პარკინგსერვისი” ქუთაისის მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს კვლავ არ ასრულებს

კვლევა მოამზადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”

ქუთაისში პარკინგის სისტემის მოსაწესრიგებლად ქალაქის მერიამ 2015 წელს შექმნა შპს „პარკინგსერვისი”, რომელიც არათუ პარკირების პრობლემას აგვარებს, არამედ, იმ იჯარის თანხასაც ვერ იხდის, რომელიც მას თავისივე დამფუძნებელმა მერიამ განუსაზღვრა. კომპანია მესამე წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საიჯარო ქირის დავალიანებამ 1 240 246 ლარს მიაღწია, ქუთაისის მერია კი თავს იკავებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციების გამოყენებისგან.

პირველი კვლევა ამ საკითხზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2017 წელს ჩაატარა და მერიას რეკომენდაციებით მიმართა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. ჩვენი მიგნებებით, სახეზეა როგორც კომპანიის არაეფექტური მართვა, ასევე არაეფექტური ზედამხედველობა მერიის მხრიდან, რაც შესაძლოა დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. მიგვაჩნია, ასევე, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაანალიზდეს იმ გადაწყვეტილების ადექვატურობა,  რომლითაც ქუთაისში პარკინგის მოწესრიგებისთვის სახელმწიფო კომპანია შეიქმნა და არ შეირჩა კერძო კომპანია.

მუნიციპალური შპს-ს დაარსების არასწორი გადაწყვეტილება

შპს “პარკინგსერვისი” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დააფუძნა, საიჯარო ხელშეკრულებით კომპანიას სარგებლობაში მუნიციპალიტეეტის საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცა, ყოველწლიურ საიჯარო ქირად კი 463 415 ლარი განისაზღვრა. ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს “პარკინგსერვისის” შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა, კერძოდ 2014 წლის 7 ნოემბერს,  2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 21 აპრილს და 2015 წლის 5 მაისს.

ოთხივე შემთხვევაში მერიის მხრიდან განსაზღვრული პირობები იყო იდენტური და აუქციონებში უფლების გადაცემის საწყის წლიურ საფასურს შეადგენდა 660 000 ლარი. მერიის განმარტებით, აღნიშნული აუქციონები არ შედგა იმის გამო, რომ მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. უნდა აღინიშნოს, რომ მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში ჩაშლის მიზეზების ანალიზისა და აღმოფხვრის გარეშე.

მოგვიანებით ქუთაისის მერიამ  შპს “პარკინგსერვისის” შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად,  ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას.

“პარკინგსერვისის” დავალიანება

შპს “პარკინგსერვისი” საქმიანობას 2016 წლის 25 იანვრიდან შეუდგა და 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით  შპს-ში 41 ადამიანია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ “პარკინგსერვისმა” დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება (ფოტო).

2016 წლის იანვრიდან დღემდე “პარკინგსერვისს” იჯარის სახით მერიის ბიუჯეტში ჯამში 1 390 245 უნდა გადაეხადა, თუმცა 2018 წლის  1 ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 149 999 ლარია გადახდილი. მიუხედავად ამისა, მერია საიჯარო თანხის გადაუხდელობაზე არ რეაგირებს – არც სანქცირების მექანიზმს იყენებს და არც კომპანიის მართვის ან ხელშეკრულების პირობების ცვლილებას აპირებს[1]. მერიის  ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ შპს “პარკინგსერვისი“ წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და მისთვის ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების 2.7. მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება იქნება არარენტაბელური, რაც შეიძლება ხელისშემშლელი გარემოება იყოს შპს “პარკინგსერვისის” საქმიანობის განხორციელებისათვის.”

რაც შეეხება „პარკინგსერვისის“ საოპერაციო ხარჯებს, ისინი საკმაოდ მოცულობითია და წელიწადში დაახლოებით 330 000-დან 420 000-მდე მერყეობს.

2016-2018 წლებში “პარკინგსერვისის” მიერ გადახდილი თანხა და დავალიანება

თუმცა, მერია „პარკინგსერვისიდან” შემოსავალს მაინც იღებს. პარკირების წესის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები მუნიციპალიტეტის ანგარიშზე ირიცხება. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166 762 ლარი, 2017 წელს  301 600 ლარი, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით 207 352 ლარი შეადგინა.

ამ ყველაფრის შეჯამების შედეგად, სავალალო სურათს ვიღებთ: შპს „პარკინგსერვისი“ პარკინგის პრობლემას ვერ აგვარებს, თუმცა ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 200 000 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 370 000 ლარი იხარჯება. გამოდის, რომ კომპანიას 1 ლარის ჯარიმის მობილიზება საშუალოდ 1,7 ლარი უჯდება. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ მერია ხელშეკრულებით  განსაზღვრული სანქციების გამოყენებისგან თავს იკავებს და 2015 წელს შპს-ს სუბსიდირებაც კი განახორციელა, გამოდის, რომ სახეზეა მართვის სერიოზული პრობლემა, რომლის შედეგადაც ბიუჯეტმა 3 წლის განმავლობაში 1 240 246 ლარი ვერ მიიღო და დამატებითი ხარჯიც კი გასწია. ეს ყველაფერი, შესაძლოა, არა მხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობის, არამედ უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

შეიძლება დავასკვნათ, რომ კომპანია „პარკინგსერვისის“ არსებობის ერთადერთი მიზანი მასში 41 თანამშრომლის დასაქმებაა, რაც ქუთაისის გადასახადის გადამხდელებს 3 წლის განმავლობაში პირდაპირი ხარჯის სახით 2 მლნ-ზე მეტი დაუჯდათ.

შედეგად, გაუგებარია, ასეთ პირობებში რატომ არსებობს შპს „პარკინგსერვისი” და რატომ არ რეაგირებს მერია კომპანიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე.

დასკვნა და რეკომენდაციები

  • შპს „პარკინგსერვისი” არა მხოლოდ პარკირების პრობლემას ვერ აგვარებს, არამედ დაფუძნების დღიდან წაგებაზე მუშაობს, რითიც ზარალდება ქუთაისის ბიუჯეტი და მერია, მიუხედავად ასეთი ვალდებულების არსებობისა, ამაზე სათანადოდ არ რეაგირებს;
  • მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურს შეისწავლოს პარკინგსერვისის საქმიანობა მისი დაფუძნების დღიდან, ისევე როგორც მერიისა და კომპანიის ურთიერთობა, და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმე გადასცეს სამართალდამცავ სტრუქტურებს;

მოვუწოდებთ მერიას, ჩაატაროს რეტროსპექტიული ანალიზი რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო 2015 წელს პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად ქუთაისში სახელმწიფო კომპანიის შექმნა,  დღეს შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, რა ალტერნატივები შეიძლება იქნეს განხილული არსებული მდგომარეობიდან გამოსავლად.


[1] მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 2.2. პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მოიჯარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს, ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, მერია უფლებამოსილია დააკისროს მოიჯარეს პირგასამტეხლო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში-გადაუხდელი ქირის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში “მოიჯარეს” ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით,
ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ
ქუთაისის სამხედრო სამსახურს გადავადების მოთხოვნით "გირჩის" 870-მა მღვდელმსახურმა მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპრესი" ქუთაისის
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების პარკისა და ფესტივალის მოწყობაზე მუშაობენ. ფესტივალი სახელწოდებით "UPPERGROUND" როლანდ შალამბერიძის და პროექტ
კაფე "სავანემ " რომელიც ქუთაისის მერიამ  კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2 000
წინა სტატია ქუთაისში ოლიმპიური აუზის პროექტირების საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას
ქუთაისის მერია ნაგვის კონტეინერების შეძენისთვის 70 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მერიამ  უკვე  გამოაცხადა. წინადადებების
ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სააპელაციო სასამართლომ მერიისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, "ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების"
ქალქ ქუთაისის მასშტაბით კულტურის ძეგლებთან 16 საინფორმაციო დაფა და 4 აბრა განათავსეს. დაფებზე ინფორმაცია ქართულ
ქუთაისში ქართველი პოეტების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლს დადგამენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ჯერჯერობით
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად მზადება დაიწყო. ქალაქის მერის დღესასწაულისთვის 80 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. მერიამ
ქუთაისის მერიამ  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ახლადგახსნილი სკეიტპარკის მოედნის დაზიანებული შემოღობვის აღდგენისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისათვის მერია 13 957
ქუთაისის მერიამ მორიგი სასამართლო დავა წააგო. ყოფილმა თანამშრომელმა მაია მურუსიძემ მერიას დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მარგველაშვილი თაღლითობის
%d bloggers like this: