აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას დააფინანსებს

560

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მოსახლეობას პირველად დაუფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.

“მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას – 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას – 150 000 ლარით“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მომავალ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პირველად დაუფინანსებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს, თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი განისაზღვრება 25 000 ლარით. ცვლილება იგეგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების წესში.

მომავალი წლიდან უწყება ზრდის ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის გათვალისწინებულ თანხას და ერთ პაციენტზე გამოყოფს 65,000 ლარს. სამინისტრო აღნიშნულ მომსახურებას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც 370,000 ლარი გამოიყო.

სიახლეებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაშიც. მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 – მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის კურსი.

2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 11 პროგრამას ახორციელებდა, 2019 წელს კი უწყება 32 პროგრამას განახორციელებს.