მთავრობა საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალიტეტებში დატოვებას 2025 წლამდე გეგმავს

წინა სტატია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური გაძლიერებისთვის, როგორც ადგილზე არსებული ქონების მათ ბალანსზე გადაცემას, ისე საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

BM.GE-სთან საუბრისას ასე კაკაურიძემ არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილის კრიტიკას უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მუნიციპალიტეტებს ცენტრალურ ბიუჯეტზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.

“2019 წელს ის ფორმულა იმუშავებს, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტთან ერთად. სანამ დეცენტრალიზაცია მოხდება, ეს ყველაზე კარგი სისტემაა, რაც შემოთავაზებულია, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის სისტემას თავისი ხარვეზები აქვს – ის იმაზე აწყობილი არ არის, რომ ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტების მიხედვით ზუსტად ვიცოდეთ, სად და რამდენია ეს გადასახადი”, – განმარტა კაკაურიძემ და დასძინა, რომ 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებები, რაც დამატებული ღირებულების გადასახადის 19%-ის მუნიციპალიტეტებისთვის განაწილებას ითვალისწინებს, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას მოიცავს და საერთაშორისო ექსპერტებთან შეთანხმებულია.

“მსგავსი ფორმულა ევროპის ქვეყნებშიც მუშაობს, მათ შორის, ჩეხეთს ანალოგიური გამოცდილება აქვს, თუმცა, იმაზეც ვთანხმდებით, რომ საშემოსავლო გადასახადის მუნიციპალიტეტებისთვის დატოვება სამომავლოდ მნიშვნელოვანია და დღგ-ის განაწილებასთან ერთად, დამატებით მოტივაციას ქმნის, ანუ დღგ-ის განაწილების შემთხვევაში მოტივაცია თუ რაღაც x თანხაა, საშემოსავლო გადასახადის ადგილზე დატოვების შემთხვევაში, მოტივაცია, შეიძლება, x+10%, ან x+15% იყოს, თუმცა, ამას მინიმუმ ორი-სამი წელი სჭირდება, რომ ამ მიმართულებით სისტემა ააწყო, რის შემდეგაც შესაძლებელია, ეტაპობრივად, მუნიციპალურ დონეზე საშემოსავლო გადასახადის დატოვება მოხდეს. ეს გრძელვადიანი გეგმაა – 2025 წლამდე გარკვეული ეტაპებია გასავლელი და ერთ-ერთი ეტაპი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილის დატოვებაც იქნება”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროს ბალანსიდან ამოღებას და მათ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემის პერსპექტივებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო ჯგუფია შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები