2018 წელს პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 11 932 894 ლარი დაიხარჯა

916

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 932 894 ლარი დაიხარჯა.

კალაძის თქმით, უკვე მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები და დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.

“ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვერისა და ვაკის პარკების რეაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, ბოლო ერთ წელში 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

“ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი 2019 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის დამტკიცდება.