2019 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს სახელფასო ანაზღაურება მცირედით ეზრდებათ

2019 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს სახელფასო ანაზღაურება მცირედით ეზრდებათ. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტში წერია.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, თუ 2018 წელს 9 ადმინისტრაციის სახელფასო ანაზღაურება ჯამურად 4 მილიონ 174 ათასს შეადგენდა, 2019 წლისათვის ეს თანხა 276 ათასი ლარით იზრდება და 4 მილიონ 450 ათას ლარს შეადგენს.

მცირედით იზრდება, ასევე, ადმინისტრაციების ჯამური დაფინანსებაც – თუ 2018 წელს 9 ადმინისტრაციაზე 6 მილიონ 130 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომდევნო წლისთვის ეს თანხა 230 ათასი ლარით იზრდება და 6 მილიონ 360 ათას ლარს შეადგენს.

რა უფლებამოსილებები აქვთ სახელმწიფო რწმუნებულებს? ფაქტობრივად, არანაირი. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონით, მათ, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობა. მისი დავალების შემთხვევაში, კოორდინაციას უწევენ სამინისტროების ტერიტორიულ ორგანოთა საქმიანობას; ასევე, ისევ მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელებას.

როგორც ხედავთ, რეგიონებში მთავრობის ამ უფუნქციო დანამატებზე, ჯამში, 6 მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს. სხვათა შორის, ამდენივე, ან ცოტათი მეტია, მაგალითად, ონის, დუშეთის, ყაზბეგისა და სხვა მცირე მუნიციპალიტეტების მთლიანი ბიუჯეტები, რომლითაც ადგილობრივი ხელისუფლებები მთელი წლის განმავლობაში პრობლემებს უნდა გაუმკლავდნენ.

ახლა შევხედოთ, როგორ განაწილდება ეს თანხები 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებს შორის.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2019 წლის ჯამური დაფინანსება 870 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც, მიმდინარე წელთან შედარებით, 70 ათასი ლარით მეტია. როგორც ირკვევა, გუბერნატორის ადმინისტრაციაში მომავალ წელს 3 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელფასო ფონდი 80 ათასით იზრდება და 600 ათასს შეადგენს.

გურიის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2019 წლის დაფინანსება 625 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც, წინა წელთან შედარებით, 15 ათასი ლარით მეტია. ამ თანხის უდიდესი ნაწილიც – 435 ათასი ლარი 31 თანამშრომლის ხელფასებზე დაიხარჯება, 10 ათასით იმაზე მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს იყო განსაზღვრული.

იმერეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კი 2019 წლისთვის დაფინანსება 780 ათასი ლარით განესაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს 45 ათასი ლარით აღემატება. გაისად ადმინისტრაციაში 1 თანამშრომლით ნაკლები – 31 თანამშრომელი იმუშავებს, თუმცა, სახელფასო ფონდი, მიმდინარე წელთან შედარებით, 40 ათასით გაიზრდება და 540 ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება კახეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მისი მომავალი წლის ბიუჯეტი 735 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც, წლევანდელთან შედარებით, 10 ათასი ლარით მეტი გამოდის. როგორც ირკვევა, მომავალ წელს ადმინისტრაციაში, 32 თანამშრომლის ნაცვლად, 7 თანამშრომლით ნაკლები – 25 თანამშრომელი იმუშავებს, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელფასო ფონდი 2019 წელს 18 ათასი ლარით მაინც იზრდება და 500 ათასს შეადგენს.

30 ათასი ლარით იზრდება მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსებაც – თუ მიმდინარე წელს მას 595 ათასი ლარი ჰქონდა გამოყოფილი, 2019 წელს დაფინანსება 625 ათასამდე ეზრდება. ადმინისტრაციაში ხელფასები კვლავ 31 თანამშრომლისთვისაა განსაზღვრული, თუმცა, სახელფასო ფონდში 25-ათასიანი მატებაა და ჯამში, 450 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

რაჭა-ლეჩხუმში შემავალ მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსება მომავალ წელს 35 ათასით მეტი იქნება და ის 620 ათას ლარს შეადგენს. მომატებული თანხა კი სრულად ხელფასებზე დაიხარჯება – 2019 წელს ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი 460 ათასი ლარით არის განსაზღვრული. წელს ეს თანხა 425 ათს ლარს შეადგენდა.

სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც 2019 წელს გაზრდილი ბიუჯეტით და თანამშრომლების შემცირებული რაოდენობით შეხვდება. თუ წელს ადმინისტრაციისთვის 595 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, გაისად ეს ოდენობა 15 ათასი ლარით იზრდება და მომატბული თანხა სრულად ხელფასებს მოხმარდება, თუმცა, გაისად რწმუნებულის ადმინისტრაციაში, 31-ის ნაცვლად, 25 თანამშრომელი, ანუ 6-ით ნაკლები, იმუშავებს.

მხოლოდ 5 ათასი ლარით იზრდება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსება, თუმცა, ამის მიუხედავად, სხვა ხარჯების დაზოგვის ფონზე, 35 ათასით იზრდება სახელფასო ფონდი. როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, 2019 წელს ადმინისტრაციის დაფინანსების ჯამური თანხა 865 ათასი ლარი იქნება. თანამშრომელთა რაოდენობა გაისად აქაც მცირდება და 32-ის ნაცვლად, 30-ს შეადგენს. მათი შრომის ანაზღაურებაზე კი ჯამურად 555 ათასი ლარი დაიხარჯება, მაშინ, როცა წელს 32 თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ხარჯები 520 ათასით იყო განსაზღვრული.

ქვემო ქართლის მსგავსად, მხოლოდ 5 ათასი ლარით გაიზრდება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის დაფინანსებაც და ის მომავალ წელს 630 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, აქაც, სხვა ხარჯების დაზოგვით, სახელფასო ფონდი 18 ათასით იზრდება, მაშინ, როცა ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რაოდენობა 2-ით – 30-დან 32-მდე მცირდება. 

თუ წინა წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯებსაც გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2019 წელს ადმინისტრაციების შენახვაზე 402 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე, მაგალითად, 2017 წელს დაიხარჯა. თუ 2017 წელს მთლიანი ჯამი 5 მილიონ 957 ათას 800 ლარი იყო, 2019 წელს, როგორც უკვე გითხარით, ეს თანხა 6 მილიონ 360 ათასი ლარი იქნება.

2017 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურებისთვის, ჯამში, 4 მილიონ 150 ათასი ლარი გაიცა. 2018 წელს – 4 მილიონ 174 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლისთვის 4 მილიონ 450 ათასი ლარის გაცემაა დაგეგმილი. როგორც ხედავთ, სამწლიან ინტერვალში, ჯამში, შრომის ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯი 300 ათასი ლარით იზრდება.

ბოლო დროს საქართველოს პრემიერმინისტრი ხშირად ლაპარაკობს რეგიონული მართვის სტრუქტურის რეფორმირებაზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაში სულაც არ იგულისხმება უფუნქციო გუბერნატორის ადმინისტრაციების ნაცვლად, რეალურად ქმედითი, ფუნქციებით აღჭურვილი მეორე დონის თვითმმართველობის გაჩენა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალდონიანი თვითმმართველობის შექმნის ვალდებულება ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებით აიღო. ამის გამო კი, რეალურად, არაერთ შესაძლებლობას ვკარგავთ. 

მსგავსი სიახლეები