ზუგდიდის საკრებულომ მერიას პრადოების გასხვისება მოსთხოვა

781

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას რეკომენდაციით მიმართა, რომ მერიის ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანები დაბალბიუჯეტიანით ჩაანაცვლონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საკრებულოს დეპუტატის კონსტანტინე კაკავას თქმით, ახალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, დეპუტატებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების რეკომენდაციით მიმართეს მერიას და ძვირაღირებული აბტომანქანების ჩანაცვლებასთან ერთად, მათ თანამდებობის პირებისთვის საწვავის ლიმიტის შემცირებაც მოითხოვეს.

“წლის განმავლობაში, ამ ძვირადღირებული მანქანების შენახვისათვის თანხების გამოთავისუფლება მოგვცემდა სხვა პროგრამების, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურის, ან ინფრასტრუქტურის დაფინანსების საშუალებას. პრადოს საბურავის გამოცვლა ხუთჯერ უფრი ძვირია, ვიდრე სედანის ტიპის მანქანის, შესაბამისად, ადმინისტრაციის ავტოპარკის ჩანაცვლება ელექტრომობილებით, ან ჰიბრიდული მანქანით, პერსპექტივაში მოგვცემს ძალიან კარგ შედეგს. დამატებით თანხებს სხვა პროგრამებისთვის,“- განაცხადა დეპუტატმა კონსტანტინე კაკავამ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

“უნდა დავითვალოთ ხარჯები, თუ რა სახის ეკონომიას მოგვცემს ავტომობილების გასხვისება და ახლით მისი ჩანაცვლება. ხარჯების დაანგარიშების შემდეგ გადავწყვეტთ“, – ამბობს მაიზერ ნანავამ.

მისივე თქმით, მერიის ბალანსზე 4 პრადოა.

საკრებულოს დეპუტატის კონსტანტინე კაკავას განცხადებით კი, საკრებულო გააკონტროლებს მერიის მიერ გამხორციელებულ აქტივობებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიმართულებით.