2019 წლისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 280 მილიონი ლარით განისაზღვრა

975

2019 წლისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის 280 მილიონი ლარი გამოიყოფა. მათ შორის გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტში წერია.

როგორც ცნობილია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა მუნიციპალიტეტებში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს აღემატება.

რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ის ორწლიანი პაუზის შემდეგ აღდგება, თუმცა, პროგრამაზე, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის რეგფონდის 280 მილიონიდან დაიფარება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტებში ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს არ აღემატება. რა ფორმულით განაწილდება თანხა მუნიციპალიტეტებზე, ჯერჯერობით, უცნობია და ამაზე ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ახლა მუშაობენ.

გარდა ამისა, 2019 წელს კვლავ გამოიყოფა თანხა მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე სოფლებისთვის. ფონდის სახსრები მაღალმთიან სოფლებში საჯარო ან კერძო პროექტების განხორციელებას ხმარდება.

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის 2019 წელს 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ფონდის დაფინანსება, წლევანდელთან შედარებით, არ გაზრდილა.