ქუთაისის მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს

892

წინა სტატია

ქუთაისის მერია ახალი წლისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რისთვისაც მერიამ 43 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სადღესასწაულო დღეებში დაგეგმილია კოსტუმირებული და თეატრალური წარმოდგენები, დრამერების შოუ-მსვლელობა, სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი და სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება. ახალი წლის ღამეს გაიმართება ტრადიციული გალა–კონცერტი.

ახალი წლის დღეებში ღონისძიებები ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მონპლაზირის ტერიტორიაზე და ანჯაფარიძის სკვერში გაიმართება. საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ჯერ შედგენილი არ არის.

ამასთან, ცნობილია, რომ ქუთაისის მერია საახალწლოდ სიახლეებს აანონსებს. აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც შარშარ ქალაქის ცენტრში იდგა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.

ჯერჯერობით უცნობია მერიის მიერ დაპირებული სიახლეები საახალწლო მორთულობების შესახებ რამდენად გაამართლებს მოქალაქეების მოლოდინს. მერიაში განმარტავენ, რომ დეტალებს თუ რა გაკეთდება ამ კუთხით, მოგვიანებით გაავრცელებენ.