დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება

1319

წინა სტატია

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. “თბილსერვის ჯგუფისთვის” კომპანია “IDO-ს” ილუმინაციების მიწოდების ბოლო ვადა 10 დეკემბერს აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც “თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მოწოდებისთანავე დაიწყება.

“თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც კომპანიამ “IDO-მ” 2 093 789 ლარად მოიგო.

“თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციით, 2019 წელს დედაქალაქის უფრო მეტი უბანი შეხვდება საახალწლო დეკორაციებით.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.