17:00 საათის მონაცემით, ორივე ეგზიტპოლით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

860

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-ისა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 58%

გრიგოლ ვაშაძე – 42%

ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა. გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა. გამოკითხვის მეთოდი – თვით ადმინისტრირებადი, 100%-ით შემთხვევითი შერჩევით, ფურცელზე დაფუძნებული გამოკითხვა.

გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო:

1. ვის მიეცით ხმა დღეს? ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.

2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.

(გამოკითხვის დამკვეთი – შპს ტელეიმედი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, წერეთლის გამზ., №140, დაკვეთა ფასიანია).

რაც შეეხება Edison Research-ის შედეგებს:

17:00 საათის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%.

17:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 663 000 ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

სალომე ზურაბიშვილმა 914 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ – 749 000 ხმა. სხვაობა ორ საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველს შორის არის 165 000 ხმა.

Edison Research-ის კვლევაში ცდომილება არის პლუს-მინუს 3 პროცენტი.

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას Edison Research-ის ეგზიტპოლის შესახებ