isfed: ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არმისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ

130

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება საარჩევნო უბნების მიმდებარედ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება მოსული ამომრჩეველების აღრიცხვის მიზნით. ცალკეულ შემთხვევებში, ხმის მისაცემად მისული ან არმისული ამომრჩევლის აღრიცხვას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. აღნიშნული საქართველოში არჩევნებზე დამკვიდრებული ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა და წარმოადგენს ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას.

საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვადასხვა პროცედურული დარღვევები, მათ შორის ნიშანდობლივია გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები. 15-საათიდან ამ დრომდე პერიოდში სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევებს მასშტაბური სახე არ ჰქონია”, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, „სამართლიან არჩევნებს“ საუბნო კომისიებში წარდგენილი აქვს 37 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში38 საჩივარი.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 47.2% (+/-0.6% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან შედარებით უფრო მაღალია (38.6%).

თბილისში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.8%-ია, რაც წარმოადგენს ზრდას არჩევნების პირველ ტურზე 12 საათისთვის დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით  (35.8%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 47.5% შედაგინა, მაშინ როდესაც პირველ ტურზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 38.9% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 55.3%-ზე  ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, უბნების 44.5%-ზე ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში, ხოლო უბნების 0.2%-ზე წუთში 2 ამომრჩეველზე მეტი.

რაც შეეხება დარღვევებს, ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა

  • #32 გორის საარჩევნო ოლქის #3, #15, #17, #48, #50, #62, #64, #91, #92 და #96 საარჩევნო უბნების მიმდებარედ იყო ხალხმრავლობა, მათ შორის უმეტესად – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #2, #3, #4, #12 და #16 საარჩევნო უბნებზე მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელები, რომლებიც დამკვირვებლის გამოჩენისას მალავენ სიებს. დამკვირვებელი ასევე შეესწრო საუბარს, თუ როგორ ამბობდა პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომ კიდევ მოიყვანდნენ ამომრჩევლებს.
  • #80 ქედის საარჩევნო ოლქის #11, #17, #24 და #29 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #38, #73 და #90 საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით მანქანები და სავარაუდოდ კოორდინატორები.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #45, #46 და #47 საარჩევნო უბნებზე გარეთ იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მანქანებით, რომლებიც აღრიცხავნენ ვინ მოვიდა და ვინ მისცა ხმა მათ მხარდაჭერილ კანდიდატს.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ ამომრჩევლები სოფელ ბაშიდან სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს.
  • #27 მცხეთის საარჩევნო უბნის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ე.წ. კოორდინატორმა განაცხადა, რომ ამოწმებს ის ადამიანები მოდიან თუ არა არჩევნებზე ვისთანაც აგიტაცია განახორციელეს.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უბანზე ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების ვინაობას.
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აღრიცხავდა არჩევნებზე არ მისულ ამომრჩევლებს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ შეწყვიტა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მისი არჩევანის დაფიქისრება. აღნიშნული სახის დარღვევა მანამდეც რამდენჯერმე დაფიქსირდა მოცემულ საარჩევნო უბანზე.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა, რისი საშუალებაც მას თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს.

სიტყვიერი დაპირისპირება უბანზე

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რაც კომისიის სხვა წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შორის, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში უბანზე იყო ხმაური და არეულობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან პატრულის დახმარებით გააძევეს.

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტინი. ხმა მისცა 30 ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტინის ნაცვლად 4 ბიულეტინი დააბრუნეს.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩევლის გრაფაში აღმოჩნდა ორი ხელმოწერა.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში მყოფ ამომრჩეველს ხმა უბანზე მიაცემინეს.
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამომრჩევლის ნაცვლად სხვა პირმა მისცა ხმა. როგორც ცნობილი გახდა აღნიშნული ამომრჩეველი თავად იმყოფება საავადმყოფოში.
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე და #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლები.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #72 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში არასწორად მიუთითეს ამომრჩევლის პირადი ნომერი, რის გამოც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #1 და #4 საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში შეტანილი არ არის მიღებული ბიულტენების რაოდენობა.
  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე სიაში გადასატანი ყუთის ამომრჩევლების შესახებ მითითებული არ არის.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს სიაში ხელის მოწერა დაავიწყდა.

სიასთან დაკავშირებული ხარვეზი

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში გარდაცვლილი შვილის სახელი აღმოაჩინა.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი ამომრჩეველი, რომელიც დაბადებული არის 2001 წლის 16 იანვარს. აღნიშნულმა პირმა ხმა მისცა არჩევნებში.

მარკირებით არჩევნებში მონაწილეობა

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ და ნაკადის მომწესრიგებელმა ხმის მიცემის უფლება მისცეს.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით დაუშვეს, ხელი მოაწერინეს სიაში და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს დოკუმენტის ვადის გასვლის შესახებ და აღარ მიაცემინეს ხმა.