ლანჩხუთში 2019 წელს 51 მილიონი ლარის 36 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

808

წინა სტატია

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოსახლეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

ცქიტიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების 2 პროექტი (ლესის და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპის სამუშაოები) განხორციელდება; აშენდება სკოლები სოფელ ჩოჩხათსა და ლესაში; არსებულ სკოლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ტაბანათში, ხაჯალიაში, აცანაში) აშენდება საბავშვო ბაღები, რომლებიც სულ 400 აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მუნიციპალიტეტში 45 მილიონ ლარის 9 პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მოეწყობა სახიდე გადასასვლელები, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, აღდგება ნინოშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზა, შეკეთდება გზები და საფეხმავლო ბილიკები და მოეწყობა გარეგანათების სისტემები.

ასევე, 15 სოფელში (აცანა, ნიგვზიანი, აკეთი, ჩიბათი, ღრმაღელე, სუფსა, ჯურუყვეთი, ქვიანი, ნიგოითი, შუხუთი, გვიმბალაური, ჩოჩხათი, ლანჩხუთი, ნინოშვილი, ლესა) მოეწყობა ამბულატორიები.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის დასრულებული სამუშაოებიც მოინახულა. გზის პროექტის ღირებულებამ 991 873 ლარი შეადგინა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გურიაში 112 მილიონი ლარის 143 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პროექტებს სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციები – საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებენ.