„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან

721

“თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი ბლოკით წარსდგებიან.  ამის შესახებ სასტუმრო “ბეტსიში” გამართულ პრესკონფერენციაზე ორი პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს. მათი თქმით, გაერთიანების საფუძველი იდეოლოგიური თანხვედრაა, რომელიც ორივე პროდასავლურ ძალას აერთიანებს.

როგორც შალვა შავგულიძემ აღნიშნა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში თავისი მოსვლა გაახმოვანა, მან დასაყდენად ორი პოლიტიკური ძალა – “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” გამოაცხადა. მისივე თქმით, ამ ორმა პარტიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2012 წლის არჩევნებში კოალიციის გამარჯვებაში.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ღირებულებებიდან გადახვევის გამო მათი გზები გაიყარა და დღეს “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები” “ქართული ოცნების” ოპოზიციას წარმოადგენენ.

– ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა უღირსი მეთოდების გამოყენებით მნიშვნელოვანია ზიანი მიაყენა, როგორც “რესპუბლიკელებს”, ისე “თავისუფალ დემოკრატებს”, რაც გამოიხატა ჩვენი პარტიის წევრების, მათ შორის ლიდერების დაშანტაჟებაში, გადაბირებაში და სხვა.
მიუხედავად ასეთი სიძნელეებისა, ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი მიზნების, ღირებულებების და ვაგრძელებთ ბრძოლას მათ დასაცავად. გაგვაჩნია რა ღირებულებითი ერთიანობა, ამასთან, თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელოვანი და საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “რესპუბლიკელებმა” გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკის სახით წარვსდგეთ თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე. სწორედ თვითმმართველობის არჩევნებიდან დავიწყებთ “ქართული ოცნების” შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას, შევქმნით საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოატყუა ქართველი ხალხი, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამასთან, პარტიებმა საზოგადოებას შესთავაზეს თავისუფალი სივრცე იმისთვის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა, საზოგადოების წევრებმა მათთან ერთად მიიღონ მონაწილეობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

წყარო: ინტერპრესნიუსი