მიწის ნაკვეთები და შენობა–ნაგებობები, რომლებიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გადაეცა

1053

წინა სტატია

ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მიწის ნაკვეთი და 10–ზე მეტი ამორტიზებული შენობა–ნაგებობა გადასცა. ჯამში, 83 ჰექტარი უნივერსიტეტს 49 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოებიც უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიიდან, სადაც ჩანს, რომ პროცესი მოსამზადებელ სამუშაოებს  კვლავ არ გასცდენია.

ფონდმა “ქართუმ”, რომელიც უნივერსიტეტის მშენებლობას აფინანსებს, პროექტის პრეზენტაციიდან დღემდე, რამდენჯერმე გასცა დაპირება რიონჰესის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ. ფონდის ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში ამბობდა, რომ ადგილზე ერთ თვეში კამპუსების მშენებლობა დაიწყებოდა, თუმცა, იმ დროისთვის უნივერსიტეტის პროექტიც კი არ არსებობდა.

გადავადდა უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღიც. ცოტა ხნის წინ “ქართუმ” განაცხადა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს არა 2019 წელს, არამედ, 2020 წელს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მშენებლობა დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და სამუშაო პროცესის გადაღება აკრძალეს.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებიათ. განაცხადეს მხოლოს ის, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს, თუმცა სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის 500 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს, რომელსაც სრულად ფონდი “ქართუ” აფინანსებს.