დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის 15 მილიონი ევრო გამოიყოფა

786

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ, ხელი “თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი  ითვალისწინებს 15 მილიონი ევროს გამოყოფას ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას.

“პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას”, – აცხადებენ სამინისტროში.

დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ.

დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორში.