ახალციხეში კულტურის სახლი ორსაუკუნოვან ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს (ფოტო)

1031

ახალციხეში, იაძის N1-ში, კულტურის სახლი 1978 წელს გადავიდა. შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეში აშენდა, ჯერ ქარვასლას, მოგვიანებით სასამართლოს ეკუთვნოდა. ახლა კი ავარიულ შენობაში ცეკვისა და მუსიკის წრეები ფუნქციონირებს. ინფორმაცის სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კულტურის სახლის საკითხი ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში წლებია დგას, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.

ქალაქის ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის იდეა იყო, რომ ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი კულტურის სახლი რუსთაველის ქუჩაზე ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე აეშენებინათ. ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტისთვის მის გადმოცემას ზედგინიძის წინამორბედებიც ითხოვდნენ.

“კულტურის სახლის შენობა ამორტიზებულია, ერთადერთი ყველაზე რეალური გამოსავალი არის ის, რომ როგორღაც დაგვიბრუნონ სამხედროების ყოფილი ტერიტორია, სადაც ძველი შენობები ინგრევა და უბედურდება. ჩემი მერობის დროს ეს საკითხი ფაქტობრივად შეთანხმებული იყო, უბრალოდ გადმოცემაღა იყო დარჩენილი და ამაზე მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ“, – ამბობს ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კულტურის სახლის მშენებლობის გეგმაზე ახალციხის მერია ისევ მუშაობს.

“ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ ქალაქში არ გვაქვს კულტურის სახლი. ჩვენ ველოდებით სასაზღვრო ნაწილის ტერიტორიის გადმოცემას, რადგან ფიზიკურად სხვა ტერიტორია არ გვაქვს. გუბერნატორის ინიციატივით აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს გადმოცემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ახალციხის მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ იგი ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს როგორც შინაგან სამინისტროსთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდროულად აწარმოებს.

“ეს ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე იყო და ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ორივე უწყებიდან დასტური უკვე მაქვს, მხოლოდ ფორმალური მხარეები დარჩა მოსაგვარებელი და გადმოგვცემენ ამ ტერიტორიას. ამის შემდეგ შევძლებთ იქ კულტურის სახლის აშენებას“, – ამბობს ამირანაშვილი.