მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს

1078

წინა სტატია

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბახტაძემ განაცხადა, რომ, საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ბახტაძის დავალებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით. პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტია მთაში მცხოვრებთა მაქსიმალური ხელშეწყობა და მოსახლეობის დაბრუნება, რაც კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ასევე, მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა მთის პრობლემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი ყურადღების დათმობის აუცილებლობას და მთაში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების დროულად და ეფექტიანად მოგვარების აუცილებლობას.

საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესდება მთის კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს. მათივე ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები, რათა მთის მცხოვრებლებს პირობები შეუმსუბუქდეთ და მთაში შენარჩუნდეს მოსახლეობა.

ამასთან, ცნობილია, რომ მაღალმთიანი დასახლებების სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულებმა, შესაძლოა, სახელფასო დანამატი მიიღონ.