მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება

1566

წინა სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. ხოლო, სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილისა და შიდა ქსელების მოწყობა და ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში,  აზიის განვითარების ბანკი 55 940 022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს  აზერბაიჯანული კომპანია  “Akelik Group” განახორციელებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზერბაიჯანულ კომპანია  “Akelik Group -ს”  შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

ასევე, დაგეგმილია, ქალაქ დმანისის წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება. ამჟამად  მიმდინარეობს ტექნიკური დავალების მომზადება. პროექტირებაზე ტენდერი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდება.  პროექტი მოიცავს ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემასაც.

“მთავარი და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მარნეულის მოსახლეობას აწუხებდა იყო წყალი. წყალმომარაგება ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი საკითხი იყო, თუმცა ამ რეგიონის წყალმომარაგების პროექტი საკმაოდ ძვირი – 55 მილიონი  დოლარი ჯდება, მასში შედის  მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების და ბოლნისის წყალარინების პროექტი, რომლის შედეგადაც 35 200 ადამიანს ექნება არა 5-6 საათიანი  წყალმომარაგება როგორც დღეს აქვთ, არამედ –  24 საათიანი.  საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ დონორებთან გაგვემართა მოლაპარაკებები ამ თანხების მოძიებასთან დაკავშირებით.  აზიის განვითარების ბანკის დახმარებით  უკვე გამოვავლინეთ გამარჯვებული მარნეულის და ბოლნისის ტენდერში“, – აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6  საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი  წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის, დაახლოებით, 25  და ბოლნისში – 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტრუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს   38 000-მდე მოსახლე.