ვიცეპრემიერმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარადგინა

1180

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიმა მაია ცქიტიშვილმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარადგინა. მისი განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოები 11 საგზაო პროექტზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 63 კმ-ზე მეტი გზა და 2 ხიდი კეთილმოეწყობა, მომავალ წელს კი დამატებით 22 პროექტი დაიწყება. ამასთან, 2019 წელს იგეგმება თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის დასრულება. მასშტაბურ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მათივე ცნობით, თბილისი-რუსთავის გზა აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ  შეძლებს  გადაადგილებას, თბილისიდან რუსთავამდე მანძილის დაფარვას კი 20 წუთი დასჭირდება.

ასევე, პროექტები განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვისაც.

ამასთან, მომავალ წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში იგეგმება შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაციაც.

“მომავალ წელს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი გვაქვს 7 ახალი სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია, ხოლო 21 სოფელში ამბულატორიების შეკეთებაა გათვალისწინებული.

პროექტებს შორის მინდა გამოვყო ტურისტული დანიშნულების ე.წ. გადაჭრილი გორა, სადაც 8 ათასი წლის წინანდელი ღვინის ნალექი აღმოჩნდა, რაც საქართველოს მეღვინეობის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. ამ მიმართულებით საინტერესო გეგმები გვაქვს.

საგულისხმოა ისიც, რომ ბევრ პროექტში კონტრაქტორებს აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ვალდებულება მშენებლობის პროცესში და სამუშო ადგილები იქმნება პროექტების დასრულების შემდეგაც. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაო, ყველა პროექტს აქვს სოციალური დატვირთვა და ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ასევე, ქვემო ქართლში იგეგმება – ცხოველთა თავშესაფრისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა რუსთავში, მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც საპიკნიკე სივრცეების, სველი წერტილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.