ამბავი ჩვენი ჯიბიდან წყალში გადაყრილ ფულზე – vol. ∞

სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ

ავტორი: ცქრიალა შერმადინი

მცხეთასთან ახლოს, ერთ პატარა სოფელში წყლის სისტემის მოწყობისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ადგილობრივებს წყალი მუდმივად მაინც არ აქვთ. 230 ოჯახიანი სოფელი ისევ საბჭოთა გაყვანილობაზეა დამოკიდებული, რომელიც ხან მუშაობს, ხან არა.

იზოლდა ბეკურაშვილი. სოფელ ბიწმენდის მკვიდრი

იზოლდა ბეკურაშვილი ბიწმენდში ცხოვრობს. წყალს სხვა სოფლიდან ეზიდება ხოლმე. “სარეცხს ჩვენ ვერა ვრეცხავთ, დაბანით ჩვენ ვერ ვიბანთ. წყალი სასმელად არ ვარგა. ჯიღაურადან ვეზიდებით კოკა-კოლას ბოთლებით, რომ დავლიოთ და საჭმელი გავაკეთოთ. ყოველ წელს დაფინანსება კი აქვს სოფელს და ვის ჯიბეში მიდის, რა ვიცით”.

მცხეთის მუნიციპალიტეტმა სოფლისთვის წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, 2016 წელს ორი ახალი ჭაბურღილის და ერთი 200 ტონიანი წყლის ავზის აშენება გადაწყვიტა. ამისთვის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარი დახარჯა. ტენდერში შპს “ელ ერ ჯი ჯგუფმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ავზი და ერთი ჭაბურღილი გააკეთა, თუმცა, დღეს არც ერთი არ მუშაობს.

ბიწმენდის მოსახელეობა ამბობს, რომ ჭაბურღილებს არასდროს უმუშავიათ და არც ახალი ავზიდან მიუღიათ წყალი. “ჩართეს და გაფუჭდა, დაიწვა ის მატორი. ერთი კვირა იმუშავა, შარშან და გაფუჭდა. არადა, დაგვპირდნენ, წყალი სულ გექნებათო,” – გვითხრა სოფელში მცხოვრებმა ისმაილ ჯინჭარაულმა.

ჭაბურღილი, რომელშიც საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა

სოფელი ბიწენდი ორ ნაწილად იყოფა: ერთ უბანში, დაახლოებით, 130 ოჯახი ცხოვრობს, მეორეში კი – 100. 100 ოჯახიანი უბნისთვის სასმელი წყალი ახალაშენებულ წყლის ავზს უნდა მიეწოდებინა. ადგილზე ჩასულებს ავზში ტალახიანი წყალი დაგვხვდა. ჭაბურღილი კი, რომელსაც ამ ავზისთვის წყალი უნდა მიეწოდებიანა, არ მუშაობს.

მეორე, 130 ოჯახიანი უბნის წყალომომარაგებისთვისაც უნდა გაკეთებულიყო ჭაბურღილი. მიწის ბურღვისას აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე წყალი საერთოდ არ იყო. ჭაბურღილებისა და წყლის ავზის აშენების შემდეგ შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზა შპს “ქრიზოლითი +”-მა ჩაატარა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ერთ ჭაბურღულში წყალი საერთოდ არ აღმოჩნდა, დანარჩენი სამუშაოების ხარისხი კი დამაკმაყოფილებელია. არადა, მეორე ჭაბურღილიც არ მუშაობს, რადგან საკმარისი წყალი არც იქ აღმოჩნდა.

ადგილი, რომელიც გათხარეს და წყალი არ აღმოჩნდა

არადა, ვიდრე ჭაბურღილების მოწყობას დაიწყებდნენ, მანამდე ჰიდროგეოლოგიური დასკვნაც მომზადდა. ვაჟა მაღლაფერიძე დასკვნის ავტორია. მისი თქმით, ცდომილების შანსი მხოლოდ 5 პროცენტი იყო და ვერ გვპასუხობს კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა წყალი იმ ადგილზე, სადაც ბურღვა დაიწყეს. “მე ეს ადგილები შევარჩიე ძველ ჰიდროლოგიურ რუკაზე დაყრდნობით. საველე სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან ეს პროცესი ძალიან ძვირია, დაახლოებით, 60 ათასი ლარი სჭირდება. ალბათ, არასწორად ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები და ამიტომ არ ამოვიდა წყალი,” გვეუბნება მაღლაფერიძე.

მცხეთის მერიაში არ უცდიათ გაერკვიათ, რატომ, ვისი მიზეზით გაიბურღა მიწა იმ ადგილებში და წყალი არ ამოვიდა. “ხელშეკრულებაში არ ყოფილა ჩადებული ასეთი პირობა, რომ ვინმე უნდა დასჯილიყო,” გვითხრეს მერიაში.

პირველი უშედეგოდ დასრულებული პროექტიდან ერთი წლის შემდეგ მცხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ბიწმენდში წყლის ახალი მილები გაეყვანა. მცხეთის მერიაში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე გვესაუბრნენ. 2017 წელს მერიას ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის (GWP) ადმინისტრაციისთვის უთხოვია მათ საკუთრებაში არსებული ობიექტიდან წყალი სოფელ ბიწმენდისთვისაც მიეცათ. სიტყვიერი თანხმობის შემდეგ სოფელში ქსელი გააკეთეს და 131 ათასი ლარიც დახარჯეს. ამ სამუშაოების დასრულების ბოლო ფაზაში GWP-მ წყლის მოცემაზე ოფიციალურად განგვიცხადა უარიო, გვითხრეს მცხეთის მერიაში. GWP-ს საინფორმაციო ცენტრში კი გვითხრეს, რომ კომპანია მხოლოდ თბილისს ემსახურება და ბუნებრივია, რომ უარს ვეტყოდით სხვა მუნიციპალიტეტსო.

ახლა სოფელში ახალი ქსელიც არ მუშაობს.

ორი წარუმატებელი პროექტის მიუხედავად, მცხეთის ადგილობრივი მთავრობა არ ნებდება და მესამე ტენდერსაც აცხადებს. ამჯერად თანადამფინანსებელი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია “ლდს ჩერითია.“ ამ პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ახალი სათავე ნაგებობა და მისი წყლის ავზთან დამაკავშირებელი 2,7 კმ სიგრძის მილი. შემდეგ ეს წყალი ახალაშენებული ქსელის მეშვეობით სოფელს მიეწოდოს. თუმცა, რა დრო დასჭირდება ამ პროცესს ჯერ არ იციან.

ბიწმენდს სარწყავი წყალიც არ აქვს

მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ პროექტისთვის 113,900 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე დასრულებულია სათავე ნაგებობის მშენებლობა.

მცხეთის მერის მოადგილის, გივი გიუტაშვილის თქმით, დამატებით კიდევ ნახევარი მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, რომ ბიწმენდში მცხოვრებ 130 ოჯახს წყალი მუდმივად ჰქონდეს. გამოდის, რომ მხოლოდ 130 ოჯახის უზრუნველყოფას 1 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. ამავე სოფელში ცხოვრობს კიდევ 100 ოჯახი, რომელთათვისაც წყლის მიწოდება გაჩერებული ჭაბურღილის ამუშავება-ვერამუშავებაზეა დამოკიდებული. რამდენი ლარი დასჭირდება ამ სამუშაოებს, ან გამოვა თუ არა ეს პროექტი, მერიაში ჯერ არ იციან.

მსგავსი სიახლეები