ქუთაისის მერიის რამდენიმე ა(ა)იპ-ის თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება

895

წინა სტატია

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 1 900 000 ლარით  გაიზარდა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ნიშინიანიძე აცხადებს, რომ ხელფასი  ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” თანაშრომლებს, საჯარო ბიბლიოთეკისა და “სპეციალური სერვისების” თანამშრომელთა ნაწილს გაეზრდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ბიუჯეტში ხელფასების მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ განხორციებულა,  გარდა იმისა, რომ ბაღის პედაგოგებს და რამდენიმე ა(ა)იპ-ის სპეციალისტს ხელფასი მცირედით, 50 ლარით გაეზრდებათ. ჯამში, ეს არის 1 900 000 ლარი,  ეს შეეხოთ დაბალხელფასიან თანამშრომლებს, ვისაც შეხება აქვთ ბავშვებთან, ასევე  დასუფთავების თანამშრომლებს.  მათი შრომა უნდა ყოფილიყო დაფასებული, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, წარმომადგენლობითი და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით შესაძლებელი იყო ამ ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს ხელფასები 200 ლარით მომატებოდათ. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის ნახევარი სწორედ ხელფასებზე მოდის. ფაქტს ადასტურებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსიც.