რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში

622

21 ნოემბერს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში დაიბარეს. ნაწილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ტაქსების რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს, ნაწილის თქმით, მათ არჩევნებზე მხარდაჭერა სთხოვეს. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ შეხვედრა საპარკინგე ადგილების დახაზვის საკითხს ეხებოდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მდგარი ტაქსების მძღოლები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილ–ნაწილ დაიბარეს. ზოგი ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში 15:00 საათზე, ზოგი კი 16:30 საათზე მივიდა.

“გვითხრეს, ხომ იცით ახლა ტაქსების რეგულაციები შემოდის, ჩვენ არ გვინდა, რომ ამით შეგზღუდოთ, ამიტომ თქვენც დაგვიდექით არჩევნებზე გვერდითო“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

ქალაქში ტაქსის მძღოლების უმეტესება აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან მათ ვერ აუხსნეს ის, თუ რატომ იბარებდნენ: “მერიიდ ნუგზარ თამარაშვილი იყო მოსული, გვითრა მოდით და იქ აგიხსნიან ყველაფერსო. მე არ მივსულვარ, არც ჩემს გვერდით მდგომი ტაქსისტები წასულან“,- ამბობს ერთ–ერთი მღოლი.

ნუგზარ თამარაშვილი ახალციხეში მერის წარმომადგენელია. მან შეკითხვაზე, თუ რის შესახებ იმართებოდა შეხვედრები მერიაში, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს”უპასუხა: “პრესსამსახურს დაურეკეთ და იქ დეტალურად მოგახსენებენ შეხვედრის მიზეზებს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლებს ქალაქში გზების დახაზვის საკითხზე ესაუბრნენ: „ქალაქის განვითარების თემასთან დაკავშირებით მუშაობს მერია, პარკინგები უნდა დაიხაზოს და ტქსისტებთან ერთად გავდივართ ამ საკითხს”.

შეკითხვაზე, ქალაქში პარკინგისთვის დასახაზ ადგილებს აქამდეც ათანხმებდნენ თუ არა ტაქსების მძღოლებთან, ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ: “აქამდე არ ვიცი ასე აკეთებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვათანხმებთ მათთან. ახალი გზაა დაგებული და ახალი პარკინგები კეთდება. ტაქსისტები მთელ ქალაქში დგანან და მათი აზრი მნიშვნელოვანია“.

მერიაში ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და მერის მოადგილეს რუბენ კარაპეტიანს შეხვდნენ.