isfed: ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს

153

წინა სტატია

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შუალედური ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ქარელში ბაღის პედაგოგებს ხელფასის გაზრდის სანაცვლოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა მოსთხოვეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, პედაგოგები და მერიის თანამშრომლები მკაცრად გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს არ მისცემენ ხმას, სამსახურს დაკარგავენ.

მათივე ცნობით, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები უკვე დაწერილია.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში იხილეთ სრულად ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით,  არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.