ბოლნისში 160 აღსაზრდელზე გათვლილი N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა

691

დღეს ქალაქ ბოლნისში 160 აღსაზრდელზე გათვლილი N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი, სადაც მანამდე სკოლამდელ განათლებას 4 ასაკობრივ ჯგუფში 90 აღსაზრდელი იღებდა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 6 ასაკობრივ ჯგუფში 160 აღსაზრდელს დაიტევს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა გასართობი ატრაქციონები.

ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი რეაბილიტირებული ბაღი შეემატა. არსებული 12 ბაღიდან 10 სრულად რეაბილიტირებულია,  დარჩენილი 2 ბაღის რეაბილიტაცია კი მომავალ წელს განხორციელდება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.