წყალტუბოს ბალნეოლოგიურ ცენტრს, შესაძლოა, საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭოს

1142

წყალტუბოში ბალნეოლოგიური ცენტრების წარმომადგენლებს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარება იყო. ლაგვილავამ ადგილობრივებისგან ის მთავარი პრობლემებიც მოისმინა, რაც წყალტუბოს, როგორც კურორტული ზონის განვითარებას, აფერხებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეების მხრიდან მთავარ გამოწვევად საერთაშორისო ლოცენზიის არარსებობა დასახელდა.

“ქვეყანაში არ გვაქვს მსგავსი ტიპის არც სალიცენზიო და არც სანებართვო პირობები. არც სარეაბილიტაციო მომსახურებების სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება ხდება. ჩვენ, სამინისტრო ვცდილობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, რაც არის საჭირო ყველანაირი საჭიროებები დავაფინანსოთ. ასევე, ვცდილობთ არსებული ბიუჯეტით მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ ჯანდაცვითი საკითხების მოგვარება”- აღნიშნა მაია ლაგვილავამ.

ბალნეოლოგიური ცენტრების წარმომადგენელთა თქმით, მათ არ გააჩნიათ, როგორც სახელმწიფოს ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული და მინიჭებული ლიცენზიები, რაც ბიზნესისათვის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრის “ბიჰელსის” ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს ცენტრის ლიცენზირების საკითხი იმისთვის, რომ წყალტუბო მსოფლიო ასპარეზზე გავიდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ გავიდეთ მსოფლიო ასპარეზზე და წყალტუბო შევიდეს ევროპული კურორტების სიაში – ეს საკითხიც დადგა ჩეხი კურორტოლოგების მიერ და ამიტომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვესაჭიროება სახელმწფოს მხრიდან. კერძო მფლობელები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ – დღეს ევროპული დონის ბალნეოლოგიური ცენტრი და სასტუმროები გვაქვს და აუცილებელია წყალტუბოში ინფრასტრუქტურაც განვითარდეს”, – ამბობს მარინა შავიანიძე.

წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები იმედს იტოვებენ, რომ პრაქტიკა საეთაშორისო ლიცენზიის მინიჭების თაობაზე სწორედ, მათი მუნიციპალიტეტის მაგალითზე დაინერგება.