ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტები, თუ რატომ უჭერს მხარს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას

589

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს გამართული სხდომის ოქმი, სადაც მხარი დაუჭირეს თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ არგუმენტებს, რატომ ეთანხმება რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია.

მისი განმარტებით, 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა იყო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებისთვის, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის შემდგომი პროგრესისთვის. ნატალია შეროზიამ აღნიშნა, რომ სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის საჭიროება და უფრო ეფექტური მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივ მართვაში დემოკრატიის, კერძოდ მოქალაქეთა ჩართულობისა და დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ უპრეცენდენტო ნაბიჯი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის იყო მერების და გამგებლების არჩევითობის წესის შემოღება და ეს წესი უცვლელად დარჩება – ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელი – მერი. ახალი რეფორმა კი, როგორც ამბობს, ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების საჯაროობის, გამჭირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ახალ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.

„ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მერიამდე. რეფორმის მიხედვით, იზრდება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილებები და აღმასრულებელ ორგანოებზე – მერიაზე კონტროლისა და ზედამხედველობის ბერკეტები. მერი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეების და სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ თანამდებობებზე.

მეგობრებო, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შერწყმულ მუნიციპალიტეტს დარჩება ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად. მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები დამატებით მიიმართება ინფრასტრუქტული პროექტების განსახორციელებლად. ვინაიდან დღევანდელი ფორმულა გათანაბრებითი ტრანსფერისა არ იძლევა საშუალებას შენარჩუნდეს ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად, გადაწყვეტილია გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის გადახედვა და სხვა ეკონომიკური სტიმულირების რეგულაციები.

მნიშვნელოვნად გაიზრდება ინფრასტრუქტურული თუ სამეწარმეო პროექტების დაფინანსება, რაც ნიშნავს დამატებითი თანხების მობილიზებას ადგილობრივ ბიუჯეტში, და რაც ყველაზე მთავარია ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე დანახარჯების ოპტიმიზირება და მიზნობრიობის მკაფიოდ ჩამოყალიბება.

საუბარია, მუნიციპალიტეტებში ააიპ-ების შექმნის მექანიზმების დარეგულირების აუცილებლობაზე. ეს გულისხმობს თვითმმართველობის უფლებამოსილებების ფარგლებში (მაგალითად: ბაღები, სპორტი, დასუფთავება, კეთილმოწყობა) სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას. შედეგად, გამოირიცხება იდენტური პროფილის პარალელური მუნიციპალური ორგანიზაციების არსებობა, რაც თავისმხრივ, გამორიცხავს გაბერილი შტატებისა და უფუნქციო ორგანიზაციებისა და თანამშრომლების არსებობას. შესაბამისად მოხდება ხარჯვის ოპტიმიზაცია და ხარჯვა გახდება უფრო მიზნობრივი. იქიდან გამომდინარე რომ მერსა და გამგებელს შორის არ არსებობს არანაირი ფუნქციური განსხვავება უფლებამოსილებებში, უმჯობესი იქნება ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს (მერიის) არჩეულ ხელმძღვანელს ერქვას ერთი სახელი. მერი არის ევროპული, ყველგან მიღებული ტერმინი.

თვითმმართველობის რეფორმის ახალმა ეტაპმა, უნდა უზრუნველყოს მეტი ჩართულობა, მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი რეალური თვითმმართველობის განხორციელება და საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერება და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მე მხარს ვუჭერ შემოთავაზებულ წინადადებას, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

წყარო: ლაივპრესი