სიღნაღში ტყლაპისა და ჩირის ახალი საწარმო 2019 წლიდან ამოქმედდება

1102

წინა სტატია

სიღნაღში, კერძოდ წნორში, ტყლაპისა და ჩირის დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ექსპლუატაციაში ახალი წლიდან შევა, ამის შესახებ გამოცემა “Bm.ge-ს” კომპანია “ბადაგის+ -ის” დამფუძნებელმა, ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმოში საბოლოო ჯამში განხორციელებული ინვესტიცია მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში ფინანსდება.

“ჩირი და ტყლაპი ადგილობრივი ხილისგან დამზადდება, რასაც მოსახლეობისაგან და ფერმერებისგან საქართველოს მასშტაბით ჩავიბარებთ. საწარმოს სეზონზე დღეში 5 ტონა ხილის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება, თუმცა, საწყის ეტაპზე დღეში, დაახლოებით, 3 ტონა ხილს გადავამუშავებთ, მაქსიმალურ წარმადობას საწარმო ეტაპობრივად ხუთი წლის განმავლობაში მიაღწევს. ტყლაპი და ჩირი ყველა სახეობის ხილისგან დამზადდება, რაც საქართველოში მოდის, თავდაპირველად კი ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის და ლეღვისგან”, – განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.

პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და კილოგრამი სახეობების მიხედვით 10-დან 20 ლარამდე ეღირება. პროდუქტის ფასს ხილის ფასი განსაზღვრავს. სამომავლოდ, როდესაც საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, ქართულ ჩირებსა და ტყლაპს ექსპორტზეც გაიტანენ.