ზუგდიდში ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვრივალობაზე დისკუსია გაიმართა

858

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა, რა პრიორიტეტები აქვს ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, ამის შესახებ გუშინ ზუგდიდში გამოცემა „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ზუგდიდის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელ ნანი მიქენაიას განცხადებით, ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტებია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე პრიორიტეტულია სოციალური და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა, კულტურისა და სპორტის განვითარება.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ თქვა, რომ ის ჯერ არ გაცნობია ახალ პროექტს, თუმცა ზოგადად, ბიუჯეტთან დაკავშირებით მის ორგანიზაციას შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს.

„ზუგდიდს არ აქვს პროგრამული ბიუჯეტი. იმედია, 2019 წლის ბიუჯეტი მეტნაკლებად პროგრამული მაინც იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, ბიუჯეტის შემუშავების პროცესში ჩართული იყოს მოქალაქეების მეტი ნაწილი, ამისკენ ნაბიჯები კი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა უნდა გადადგან.მათ უნდა გამართონ შეხვედრები სოფლებში, გამოკითხონ მოსახლეობა“, – განაცხადა არჩილ თოდუამ.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ იკითხა, თუ რამდენად არის ასახული ზუგდიდის ახალი ბიუჯეტის პროექტში ასახული ქალთა საჭიროებები. რის პასუხადაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა 70 % ქალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის ბიუჯეტი გენდერულად მგრძნობიარეა.

ბიუჯეტის ინფრატრუქტურულ ნაწილზე საუბრისას, ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ სოფლის საჭიროებების გამოსაკვლევად კრებების ჩატარებას მოძველებული ფორმა უწოდა და თქვა, რომ ის უნდა შეიცვალოს.

ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა ჟურნალ „ლიბერალის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

„შეხვედრა სიმბოლურად დაემთხვა ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტის დასრულებას და ჩვენ წინმსწრებად განვიხილეთ ის საკითხები, რაც ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეებისთვის არის პრიორიტეტული. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა და ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის გამჭვირვალეობას“, – განაცხადა ჟურნალის ახალი ამბების რედაქტორმა დათო გამისონიამ.