აშშ მთავრობის დაფინანსებით გორის მე-9 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1071

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტირებული ფართი 2,700 მ2 შეადგენს და რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 850 000 $-ია. მათივე ცნობით, სკოლა 780 მოსწავლეზეა გათვლილი.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთის რეგიონებში. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 72 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 13 ათასზე მეტი მოსწავლისთვის”, – აცხადებენ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდში”.

ასევე, პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში და 3 სკოლის აღმოსავლეთ საქართველოში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 87 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო, დამატებით 16 ათასი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.