2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება და მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონით გაიზრდება

1240

წინა სტატია

პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ 2019 წლის ბიუჯეტის იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება. მისი თქმით, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონი ლარით გაიზრდება.

“107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით.

დაფინანსდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტი.  2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს არის საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.