თბილისის მერი: მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის მხრივ არსებული პრობლემა გამოსწორდება

621

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვის მხრივ არსებული პრობლემა გამოსწორდება.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები “ქოლცენტრში, როდესაც ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები შემოდის, ვერ ხდება შესაბამისი პასუხის გაცემა და რეაგირება. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, უნდა დაემატოს ადამიანები ცხელ ხაზზე, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ საქალაქო სამსახურებში რესურსი აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ. თუ არსებობს იმის საჭიროება, რომ უნდა დაემატოს ადამიანები, არ მოგერიდოთ, აუცილებლად დაამატეთ იმიტომ, რომ ცხელ ხაზზე მყოფი ადამიანი ინფორმაციას იღებს საქალაქო სამსახურებიდან. შესაბამისად, თუ ჩვენ გამართულები არ ვიქნებით საქალაქო სამსახურების დონეზე, რა თქმა უნდა, ცხელ ხაზზე გაუჭირდებათ იმ ადამიანებს სწრაფი და სწორი პასუხების მიწოდება მოქალაქეებისათვის.

ჩემი თხოვნაა, რომ საქალაქო სამსახურების, ყველა მიმართულებით, სადაც არის ამის საჭიროება და აუცილებლობა, დაამატოთ ადამიანები. თუ გადამზადებაა საჭირო, გადაამზადეთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ეს მიმართულება გამართულად მუშაობდეს. იგივე ეხება ასევე სერვის-ცენტრებს. ადამიანი, რომელიც მოდის მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, არ უნდა იდგეს რიგში, თვეობით და კვირაობით არ უნდა ელოდებოდეს პასუხს, ეს კატეგორიულად მიღებელია და რაც შეიძლება სწრაფად განახორციელეთ ეს რეფორმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ საკითხის მოგვარებისათვის შესაბამისი დავალება მის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მისცა.