თბილისის მერი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

864

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა და დედაქალაქის მერიის მწვანე პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში თანამშრომლობა შესთავაზა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

“ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ქალაქის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გვქონდა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით, დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა შევცვალოთ. ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, სამშენებლო სექტორში შესაბამისი რეგულაციები. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სატრანსპორტო პოლიტიკაა. 2019 წლის ბოლოსთვის არსებულ ავტოპარკს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით მთლიანად ჩავანაცვლებთ, რომლებიც ელექტრო, გაზზე და დიზელზე მომუშავე – ევრო 6 ძრავით იქნება. 2020 წლიდან დამატებით, 200 ერთეული, 18-მეტრიანი ელექტროავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ. პრობლემებთან ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა კი მოგვცემს შესაძლებლობას, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ.

ბანკების წარმომადგენლები მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს – გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ დედაქალაქში სხვადასხვა პროექტს განახორციელებენ. მათი მხრიდან მოვისმინეთ, რომ ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ტიპის მანქანებით ბანკების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლებას გეგმავენ. ისინი ამ მიმართულებით თანამშრომლებსაც წაახალისებენ. მერიის მხრიდან იმოქმედებს გარკვეული შეღავათები – ქალაქის მასშტაბით, ელექტრომობილებისთვის პარკინგი უფასო იქნება. ასევე, დავამონტაჟებთ დამტენებს. ყველა ამ ღონისძიების განხორციელება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეტაპობრივად შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განაცხადებით, საქართველოში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.