აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გადააქვთ

1135

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით გადააქვთ. კურორტის შესასვლელში 100 საწოლზე გათვლილი ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი შენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

2019 წლის გაზაფხულიდან აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობას ახალ შენობაში გააგრძელებენ. ასევე, საავადმყოფოში მკურნალობას შეძლებენ პაციენტები, რომლებსაც ფილტვის სხვადასხვა დაავადება აქვთ. 

“ჯერ ზუსტად განსაზღვრული არ არის რას როგორ გააკეთებენ, თუმცა, ის ვიცით, რომ ახალი ცენტრი უფრო მრავალპროფილური იქნება. აბასთუმნის ჰავა და კლიმატი, კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, – ამბობს ტუბსაავადმყოფოს დირექტორი რევაზ ჟღენტი.

ახალი საავადმყოფი 100 პაციენტზე იქნება გათვილი, ამჟამად მოქმედ ტუბსაავადმყოფოში კი 120 საწოლია გაშლილი. თუმცა, როგორც ჟღენტი ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ტუბერკულოზით დაავადებულთა მიმართვიანობა შემცირებულია. ამ წუთში ტუბსაავადმყოფოში მკურნალობას 50 პაცინეტი გადის, მათ შორის 28 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 18–ის მძიმეა, ოთხი კი მკურნალობას აღარ ექვემდებარება. 

“ტუბერკოლოზის მთავარი ცენტრი თბილისშია. ყველაზე მძიმე პაციენტები ახლაც იქ იმკურნალებენ და ალბათ მერეც ასე იქნება. თუმცა, როგორც მოგვიწევს მუშაობა ჯერ ზუსტად არ ვიცით“, – ამბობს ჟღენტი. 

აბასთუმნის შესასვლელში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყო. სამსართულიანი კორპუსი ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით შენდება. როგორც ადიგენის მერიაში ამბობენ, მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი არ გამოცხადებულა. ობიექტზე განთავსებულ აბრაზე ვკითხულობთ, რომ დამკვეთი შპს „პოზიტივია“. აქ სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი კომპანია შპს „არალი“ ახორციელებს. 

რა ჯდება ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა უცნობია. ფონდ „ქართუდან“ „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს ამ დრომდე ელოდება. „პოზიტივის“ წარმომადგენლებთან დაკავშირება კი ვერ შევძელით. აღნიშნული კომპანიის დირექტორი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მალხაზ ჯეირანაშვილია, 100–პროცენტიანი წილის მფლობელი კი გარი ხოსიტაშვილი. ხოსიტაშვილი ამავე ამონაწერის მიხედვით რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. 

ობიექტზე გამოტანილი აბრის მიხედვით, აქ სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის მაისში უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, ამ დროიდან დატოვებს სანატორიუმ “ზეკარის“ შენობას აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოც. “ზეკარი“ 1924 წელს აშენდა, ტუბსაავადმყოფო კი აქ 12 წელია ფუნქციონირებს. 

კურორტ აბასთუმნის ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.