დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება

1556

წინა სტატია

“მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ ტბეთში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოები აშენდება. საწარმოები 2019 წელს ამოქმედდება. თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძეს გადაამუშავებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საწარმო სრული ციკლისათვის საჭირო დანადგარებით, როგორც ყველის დამზადებისათვის საჭირო აღჭურვილობით და რძის ჩამოსხმის ტექნოლოგიური ხაზით აღიჭურვება. აღსანიშნავია რომ საწარმოში შესაძლებელი იქნება ქართული და ევროპული ტიპის ყველის წარმოება.

ამასთან, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით მოქმედ საწარმოში გადამუშავებული საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულს ყავს არანაკლებ 200 ფური. 25 % გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს 8 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდება, სადაც სამომავლოდ დამბალ ხაჭოს წარმოებაც იგეგმება.