ბავშვთა ქალაქ “მზიურში“ პროექტ “ახალი მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. “მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად წარადგინა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად დედაქალაქს კიდევ ერთი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 2019 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. რეაბილიტაციის შემდეგ პარკის დაყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებადაა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური კვლევებიც ჩატარდება, რომლის მიხედვითაც პარკის ტერიტორიაზე დამატებით ხე-მცენარეები დაირგვება.
პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკი მზიურის აღდგენა-მოწყობასაც ითვალისწინებს. ასევე, განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. “მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა.