ტყიბულის სოფელ საწირეში საზოგადოებრივ ცენტრს აშენებენ

877

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთან, საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს, ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ.

მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. მათივე ცნობით, საწირის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც.

“დღემდე მოსახლეობას დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად ტყიბულის ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და რამდენიმე კილომეტრის გავლა უხდებოდათ.

ახალ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას.  ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა სერვისებით სარგებლობას. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ “ლიბერთი ბანკისა“ და “მაგთიკომის“ მომსახურებითაც, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს.

სოფელ საწირის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე იქნება განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, ამასთან, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ”, – აცხადებენ ტყიბულის მერიაში.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ქვეყნის მასშტაბით 57 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ხოლო წლის ბოლომდე საწირის ჩათვლით კიდევ 9 სოფლი ისარგებლებს. მომავალ წელს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, ტყიბულის გარდა, კიდევ 14 მიუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.

საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

“საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს, ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − “ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ – მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი.

პროექტი ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს ინტერესების მიხედვით ინფორმაციის მოპოვებაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში და სკაიპის პროგრამით სარგებლობაში დახმარებას გაუწევენ.

მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში მომუშავე მოხალისეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საუკეთესო მომსახურების გაწევაში, იდეების მოფიქრებასა და განხორციელებაში.

პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსკლასელებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები”, – აღნიშნავენ მერიაში.