ქუთაისი პოსტი: ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

842

შემდეგი სტატია

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.  გამოცემა “ქუთაისი პოსტის” ინფორმაციით, მერის წასვლამდე, დღეს თანამდებობას მისი მოადგილე ბესიკ ლეონიძე დატოვებს, რომლის ადგილას ფეროშენადნობთა ქარხნის თანმაშრომელი, ელგუჯა კვეტენაძე დაინიშნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ის შეასრულებს მერის მოვალეობას კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.

კახაბერ მახათაძეს ამ დროისთვის ორი მოადგილე – დავით ჩირგაძე და  ბესიკ ლეონიძე ჰყავს. ზესტაფონის მერიაში ახალი მოადგილის დღეს დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებენ. რაც შეეხება, მახათაძის შესაძლო წასვლას, მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

“მაგრამ თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ”, –  ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც  მიმდინარეობდა.  მოშიმშილეები კახაბერ მახათაძეს კორუფციასა და სხვადასხვა კომპანიებში ბიზნესწილების ფლობაში ადანაშაულებდნენ.

კახაბერ მახათაძე მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების”  კვოტით აირჩიეს. თუმცა, მას ზეტაფონის პირველი პირის პოზიცია მანამდეც ეკავა.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა სამმა მერმა უკვე დატოვა – 12 სექტემბერს – ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც გასულ კვირას, გადადგომიდან თვენახევარში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების გამო დააკავეს, 27 სექტემბერს – ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, რომელიც გადადგომის მიზეზად მაჟორიტარ დეპუტატთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს ასახელებს, 18 ოქტომბერს კი – ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, რომელსაც გადადგომის მიზეზები ამ დრომდე არ განუმარტავს.