საქართველოში პირველ ქართულ სახანძრო-სამაშველო მანქანას აწყობენ

1113
ქართული სამაშველო მანქანა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს. მთავრობის გეგმით, მომავალ წლებში საბჭოთა წარმოების მანქანა არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ იქნება. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება. პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტექნიკას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” ავსტრიულ კომპანია “როზენბაუერთან” (Rosenbauer) თანამშრომლობით აწარმოებს, დამკვეთი კი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, “როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც “დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება. ავტომობილების სერიული წარმოების ფასი კი, დაახლოებით, 190 ათას ევროს შეადგენს.

“ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, “DELTA-ს” მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა.

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის “დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

“ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. “DELTA“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, “დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.