ახალი ვიცემერი ზუგდიდის მერიაში ინფრასტრუქტურის და ფინანსური მიმართულებით იმუშავებს

613
ზუგდიდის ვიცემერი

წინა სტატია

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ ახლადდანიშნული ვიცემერი ინფრასტრუქტურის შეყიდვების, საფინანსო სამსახურისა და ქონების მართვის მიმართულების კურატორი იქნება. ამიტომ, შესაბამისი სამსახურების უფროსებს დაავალა, რომ ხვალიდან ყველა საჭირო საკითხი გიორგი შენგელიასთან გაიარონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მაიზერ ნანავას თქმით, გიორგი შენგელიას კანდიდატურა მისი შერჩეულია, რომელსაც უპირატესობა კერძო, საბანკო სექტორში “მდიდარი გამოცდილების“ გამო მიანიჭა. აღნიშნა, რომ ვიცემერი ერუდირებული ადამიანია, რომელიც მუნიციპალიტეტს ნამდვილად გამოადგება.

“ის ღირსეული ადამიანია თავისი გამოცდილებით, კერძო სექტორში მუშაობით“, – განმარტა მაიზერ ნანავამ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

გიორგი შენგელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ფიქრობს, საკუთარი გამოცდილებით და ურთიერთობებით მშობლიურ ქალაქს ნამდვილად გამოადგება.

“გვაქვს ჩვენი ხედვები. ერთადერთი, რაც მამოძრავებს არის ის, რომ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ყოფა. თუნდაც იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, საჭირბოროტო საკითხების მიმართულებით, რომელიც ზუგდიდის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. კონკრეტულად რას განვახორციელებთ, საქმის ვითარების გაცნობისთანავე ჩამოვყალიბდებით“, – აღნიშნა შენგელიამ.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე გასამართ მერის რიგგარეშე არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა გიორგი შენგელიამ მიიღოს და თითქოს მოცემულ თანამდებობაზე სწორედ მის კანდიდატურას მოიაზრებენ, შენგელია უარყოფს.

“ამ ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია კონსულტაციები. მე პირადად დღეიდან დავიწყებ მუშაობას. შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება, ამას მოგვიანებით თქვენ თვითონ ნახავთ და გაიგებთ“, – ამბობს შენგელია

შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელია ვიცემერის თანამდებობაზე 6 ნოემბერს დაინიშნა.  ხოლო, ზუგდიდის მერიაში თანამშრომლებს ახალი ვიცემერი დღეს წარუდგინეს.

ვიცემერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცემერმა გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. გულორდავა და გოგია პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.