ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა

1044

ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მოედანზე მხოლოდ მწვანე ნარჩენებს შეგროვებენ, რომელის კომპოსტირებითაც სასუქი წარმოიქმნება. მოედნის შესახებ დღეს მერიაში ნარჩენების სეპარირების თემაზე გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა. არსებული ინფორმაციით, მოედანი ავტომშენებლის ქუჩის ბოლოს, ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” მიმდებარედ განთავსდება, სადაც მოხდება ნარჩენების კომპოსტირება. სავარაუდოდ, მიღებულ სასუქს თვითმმართველობა მწვანე ნარგავებისთვის გამოიყენებს.

მოედანი პროექტის “მდინარეების ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა” ფარგლებში მოეწყობა. 2 წლიანი პროექტი ნარჩენების სეპარირებულ მართვას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც პლასტმასთან ერთად მინასა და ქაღალდს შეაგროვებენ.

“პროექტი  მიზნად ისახავს ნარჩენების სეპარირებული მართვის დანერგვას ქუთაისში. პლასტმასთან ერთად, მინის და ქაღალდის შეგროვება და მათი ჩაბარება მოხდება. ამასთან მწვანე ნარჩენებისთვის მოეწყობა მოედანი და მოხდება კომპოსტირება. პროექტის ფარგლებში შევიძენთ ტექნიკას და გავიზიარებთ პარტნიორების გამოცდილებას”, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ.

პროექტის საერთო ბიუჯეტი მილიონი ევროა. მასში 3 ქვეყნის 4 პარტნიორია გაწევრიანებული. ქალაქ ქუთაისში ნარჩენების სეპარტირებაზე 448 000 ევრო დაიხარჯება.

ქუთაისის ვიცემერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მოხდება.

“ეს არის მერიის პროექტი და მთლიან პროექტს განაგებს მერია და არა თუ ჩართულია,  განმახორციელებელიცაა ამ მნიშვნელოვანი პროექტის. უნდა დავგეგმოთ პირველი 6 თვე და დავადგინოთ ინდიკატორები. საქართველოში ვიქნებით პირველები სეპარირების მიმართულებით. პლასტმასის სეპარირებული შეგროვების დროსაც ისმოდა კითხვები, რამდენად ჩაერთვებოდნენ მოქალაქეები, მაგრამ მოსახლეობამ ამასაც თავი გაართვა და ახლაც იგივე მოლოდინია, რადგან პროექტი, გარდა ტექნიკური აქტივობებისა, აქტიურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. ნარჩენების სპეციალური ურნები შესაბამის ადგილებზე განთავსდება და გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება”, -განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

აღნიშნული პროექტი 2020 წელს დასრულდება. მასში საქართველოს გარდა ჩართულია რუმინეთი და მოლდოვა. პროექტის მიზანია, გარემოს გაუმჯობესება, მდინარეების და შავი ზღვის ნარჩენებით დაბინძურების შემცირების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.